საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შესასვლელად მიზნობრივი ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შესასვლელად მიზნობრივი ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ.

“თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებსა და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები: პირველ ყოვლისა, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით; პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს – USHAŞ მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია; ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი. ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები