ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენება არ იგეგმება
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასემ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენება არც განიხილება და არც დღის წესრიგში დგას.
ამის შესახებ მან “კომსომოლსკაია პრავდა”-თან საუბარში განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ყაზახეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიც არის ენერგეტიკა, ინვესტიციები და ტექნოლოგიები.
“მუდმივი კონტაქტი გვაქვს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასა და განაიარაღების საკითხებზე. გვიმუშავია ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროშიც, მაგრამ, ამჟამად, ალმა-ატის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ამერიკელებმა დაგვტოვეს და იქ ამჟამად მხოლოდ ჩვენი სპეციალისტები, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე მუშაობენ. აღნიშნულ სფეროში კვლევების აქტუალურობიდან გამომდინარე, მზად ვართ რუს სპეციალისტებთან მაქსიმალურად გამჭვირვალე თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.