ამირან სალუქვაძე: ვნახოთ, როგორ გაართმევს ტრამპი თავს ამ კრიზისს, რომლის დაძლევა, გარკვეულწილად, არჩევნების ბედს გადაწყვეტს
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კრიზისის დაძლევა, გარკვეულწილად, არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა შესაძლოა, ყველაფერი ყირაზე დააყენოს.
“აშშ-ში მიმდინარე პროცესებს ნუ შევხედავთ მარტივად. კარგი ანალიზი აქვს გიორგი ცუცქირიძეს, ნახეთ, არ გავიმეორებ იმ ნაწილს, რაც ძალადობას ეხება.
რაც შეეხება თვითონ საპროტესტო ტალღას – არ მჯერა, რომ თუნდაც ასეთი არაადამიანური მოქცევის, მკვლელობის (უნდოდა თუ არა, დაადგენს ძიება და სასამართლო) გამო, ერთ დღეში ამხელა ტალღა აგორდეს ჯერ ერთ შტატში, შემდეგ – ლამის მთელს ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
წინ არჩევნებია. მხარეთა უკან უძლიერესი ჯგუფებია/წრეებია. ამ პროცესში ჩართულია სერიოზული პიარ ჯგუფები და ტვინები.
ვნახოთ, როგორ გაართმევს ტრამპი თავს ამ კრიზისს. ამ კრიზისის დაძლევა, გარკვეულწილად, არჩევნების ბედს გადაწყვეტს. სიტუაციას კონტროლზე რომ აიყვანენ, ეჭვი არ მეპარება. რის ფასად, რამდენად სწრაფად, რა შედეგები მოჰყვება, როგორც პიარულად, ასევე, საზოგადოებისთვის, ეს იქნება მთავარი.
უფრო ღრმად არ შევიჭრები, არ ვარ ამერიკანისტი. ჩვენთან ხომ ვიწრო სპეციალობებს არ ექცევა ყურადღება. ბევრს ჰგონია, იცნობს ამერიკას, თუმცა ამერიკის შესაცნობად იქ ცხოვრება ან მხოლოდ საინფორმაციო ლენტების თვალის მიდევნება ან სხვისი თეზისების კოპირება არაა საკმარისი.
საერთოდ,პატივს ვცემ მეცნიერებებს, მათ შორის, პოლიტოლოგიას, პოლიტოლოგიაში, სხვა მეცნიერებებში, მაგალითად, ისტორიაში, ვიწრო მიმართულებების სპეციალისტებს. არ შეიძლება, თანაბრად იცოდე ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი ან ევროპა ან აშშ და ა.შ.
შეიძლება, ქვეყანას ან რეგიონს სიღრმისეულად ფლობდე, კერძოდ, მის ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკურ სისტემას და ა.შ. მაგრამ კრიზისების დროს სწორი პროგნოზები ვერ დადო. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ყველაფერი ყირაზე დააყენოს.
აშშ-ის წაბორძიკება მსოფლიოს სხვა მოთამაშეებისთვის საოცნებოა და სერიოზულ გავლენას იქონიებს გლობალურ პროცესებზე. ამიტომ, პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფთ მოვუწოდებ, ძალიანაც ნუ სეირობთ. ნუ გგონიათ, ბალანსის დარღვევა პატარა ქვეყნებს სიკეთეს მოუტანს.
დაველოდოთ პროცესების განვითარებას”, – წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ 46 წლის აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი გასული კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.