“ონიდან წასული ადამიანები უკან უნდა დავაბრუნოთ” -ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის სამომავლო გეგმები

რამდენიმე დღის წინ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა – არჩილ ჯაფარიძემ ონელებს ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჩიკვაიძე წარუდგინა. მან თანამდებობაზე ემზარ საბანაძე შეცვალა.

“რეგიონულმა კვირამ” გადაწყვიტა ონის ახალი ხელმძღვანელი უფრო ახლოს გაეცნო და მასთან სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც ჩიკვაიძე გვიყვება, მართალია თბილისში დაიბადა, მაგრამ წარმოშობით ონიდანაა და თავს ყოველთვის ონელად თვლიდა. განათლებით სამართლის დოქტორია,მისი სამუშაო გამოცდილება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას უკავშირდება.

კითხვაზე – რატომ ონი? -დაუფიქრებლად გვპასუხობს –“ადამიანისთვის დიდი პატივია, როცა მას თავისი ქვეყნისა და კუთხის სამსახურის შესაძლებლობა მიეცემა .მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში არ დავბადებულვარ,მაინც აქაურად ვთვლი თავს. როდესაც ონის  მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია შემომთავაზეს,  ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა. ონში დაბრუნებით მინდა, პირადი მაგალითი გავხდე იმათთვის, ვინც აქედან წავიდა და უკან მობრუნებაზე ფიქრობს”.

მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდს – ადამიანურ რესურსებს, რომლის სწორად მიმართვის შემთხვევაში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს.

“მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 კვირაა გასული ჩემი დანიშვნიდან, მაინც მოვასწარი თითქმის ყველა თანამშრომელს შევხვედროდი. ბევრ შემთხვევაში რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, ისინი კარგი პროფესიონალები არიან. ჩემთვის მიუღებელია შეხედულება -“თუ საქმე არ კეთდება, ეს დაბალი რგოლის ბრალია“, არა, პირიქით- ვფიქრობ, რომ მეტი წილი პასუხისმგებლობა  მაღალი რანგის მქონე   ადამიანებზე  მოდის. თუ პროფესიონალ ადამიანთა რესურსს სწორად მივმართავთ,შედეგებსაც გაცილებით მეტს მივაღწევთ.”

ონელების ძალიან მადლობელია, რადგან ყოველ წუთს გრძნობს მათგან პოზიტიურ დამოკიდებულებას და ამბობს, რომ ეს პასუხისმგებლობას უზრდის და ძალას მატებს. მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დასაქმებას და მიგრაციას მიიჩნევს.

“პირდაპირ გეტყვით-დასაქმებისა და მიგრაციის დიდი პრობლემაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ონის არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ბუნების შენარჩუნების ხარჯზე, გაიზარდოს ინვესტიციები, დაფინანსდეს პროექტები და პროგრამები. აქედან წასული ადამიანები უკან უნდა დავაბრუნოთ,მაგრამ აქ დაბრუნებულებს სჭირდებათ აუცილებელი წინაპირობები, რომელიც ცხოვრების საშუალებას მისცემს”.

თანამდებობა პრივილეგიად არ მიაჩნია. ამბობს, რომ  ყველას ზუსტად ისე მოსთხოვს, როგორც საკუთარ თავს და ტვირთსაც  ყველა ერთად გაინაწილებს. მისი თქმით, ყოველი დღე იმაზე ფიქრით იწყება, როგორ შექმნან ონის უკეთესი მომავალი.

“ვხვდები ადამიანებს, სოციალურ ქსელშიც ვეკონტაქტები, ვიგებ მათ აზრს, ვმსჯელობ მათთან ერთად-  რა აწუხებთ, რა გამოგვრჩა და სხვა. შემდეგ ხდება პრობლემების განზოგადება და პრიორიტეტების გამოკვეთა. ჩემს ონელებს მინდა, ვუთხრა: უპირველესად დიდი მადლობა – ქუჩაში რომ მხვდებიან, მათი თვალები იმხელა სიყვარულს გამოხატავენ , ვერ წარმოიდგენთ. მართალია, დაპირებები არ მიყვარს,მაგრამ გპირდებით, ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე აქამდე იყო და ამას ჩვენ ერთად გავაკეთებთ”.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები