ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში შემოსულ სატვირთოს მძღოლებს ტესტირება უტარდებათ, რათა ინფექციის შემოტანის რისკები თავიდან ავირიდოთ

“ქვეყანაში სახმელეთო გზებით შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლის სწრაფი ტესტებით ტესტირება მიმდინარეობს”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  წესების მაქსიმალურად დაცვა მნიშვნელოვანია.

„29 მაისიდან დაიწყო პროცესი, ყველა ტრაილერის მძღოლის, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო გადმოსასვლელებით, ადგილზე სწრაფი ტესტებით ტესტირების. პარალელურად, დაიწყო მათი ნაცხის აღება, რომელიც ასევე სწრაფი ტესტით ისინჯება ანტიგენზე. თუ რომელიმეზე ან საეჭვო ან დადებითი პასუხია ადამიანი გადადის საკარანტინო ზონაში და იქ უტარდება PCR ტექნოლოგიით კვლევა. მაქსიმალურად გვინდა, თავიდან ავიცილოთ ტრაილერების მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესის გაჩერება არ შეიძლება, მისით ქვეყანა მარაგდება ყველანაირი ტვირთით, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა წესი, რომ ინფექციის შემოსვლა თავიდან ავირიდოთ. იმ ქვეყნებთან რომლებთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს, ყველგან ეპიდსიტუაცია დაძაბულია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები