“გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია”
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და შემთხვევების მატება შესაძლებელია იყოს.
„ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.