წიწილების ერთადერთი საჩეკი ღვირიშის თემში – პედაგოგობასთან შეთავსებული მცირე მეწარმეობა

მანანა ხეცურიანი ცაგერის მუნიციალიტეტის სოფელ ნასპერში მათემატიკას ასწავლის, ის მეუღლესთან, ორ შვილთან და მოხუც დედამთილთან ერთად მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალს მანანას ხელფასი და მოხუცი დედამთილის პენსია წარმოადგენს. მანანას მეუღლე შიდა მეურნეობითაა დაკავებული და მიწაზე შრომობს, მაგრამ ოჯახის საჭიროება გაცილებით მეტია, ვიდრე შემოსავალი.

მათემატიკის პედაგოგმა გადაწყვიტა დამატებითი შემოსავლის წყარო გაეჩინა და ღვირიშის თემში შესულ ფონდ „ტასოს“ წიწილების საჩეკ აპარატზე პროექტი შესთავაზა.
ასეთ შემოსავალზე ცხოვრება გამიჭირდა, ოჯახის საჭიროება გაცილებით დიდ თანხებს მოითხოვს და ამიტომ გადავწყვიტე, რამე გამეკეთებინა ისეთი, რომელიც ჩვენს საოჯახო შემოსავალს გაზრდიდა. ფონდმა „ტასომ“ ჩემს წამოწყებას მხარი დაუჭირა და გრანტით წიწილების საჩეკი აპარატი გადმომცა. ეს ჩვენი მხარის ქალთა სათემო კავშირის დიდი დამსახურებააცაა, რომელსაც ჩვენი სოფლის მკვიდრი და ნასპერის სკოლის პედაგოგი ხათუნა ღურჭუმალიძე უდგას სათავეში“, – უყვება „რეგიონულ კვირას“ პედაგოგი და ახლა უკვე მცირე მეწარმეც.

წიწილების საჩეკი, მართალია, მცირე მოცულობისაა და 320 კვერცხზეა გათვლილი, მაგრამ საცდელი ეტაპისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. როცა დანადგარში კვერცხების პირველი პარტია უნდა ჩაელაგებინა, სოფლის ქალებს შეეხმიანა, შინაური კვერცხი მოიძია. ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ დაჩეკილი წიწილები შინაური ქათმის ჯიში გამოსულიყო, კვერცხები სოფელში შეაგროვა, ვისგანაც კვერცხი მიიღო, სანაცვლოდ წიწილებს დაჰპირდა და ასე დაიწყო პატარა ბიზნესი. დანადგარში გამოჩეკილი ორი პარტია უკვე რეალიზაციაში გაუშვა,
„პირველი პარტია რომ გამოჩეკა, წიწილები ისეთი ლამაზები იყვნენ, ვიფიქრე არ გავყიდი და არავის მივცემ-მეთქი“ – ღიმილით იხსენებს მანანა.

მცირე მეწარმე აქვე იმასაც გვიხსნის, რა უპირატესობა აქვს შინაური ქათმის ჯიშს სხვა ჯიშებთან შედარებით.

შინაური ქათმის ჯიში განსაკუთრებულად გემრიელია, დაჩეკვის შემდეგ, წამოჩიტვამდე, სუფთა საკვებზე ვზრდი, ამიტომაც მოთხოვნაც დიდია, ამ ზონაში ასეთი საჩეკი არავის აქვს, სხვათა შორის, ისიც შევიტყვე, რომ ჩვენს გარემოსა და პირობებში გაზრდილი ე.წ. „ბროილერის“ ჯიშის ქათამიც ასეთივე გემრიელი გამოდის და ისიც უნდა ვცადო“, – სამომავლო გეგმებს გვიმხელს მანანა.
მეწარმის აზრით, ასეთი პატარა ბიზნესი თუ დიდ მოგებას არ მოიტანს, ოჯახის ბიუჯეტს და ეკონომიკას მაინც ხომ წაადგება, ესეც დიდი საქმეა, რადგან სახელმწიფო სწორედ ოჯახის სიძლიერეზე დგას.
პედაგოგი თავის პროფესიას არ ღალატობს, ამბობს, რომ დილის 11 საათიდან 3-4 საათამდე კომპიუტერთან ზის და ვიდეოგაკვეთილებს ატარებს, ბავშვებს მათემატიკას კვლავ ისეთი მონდომებით ასწავლის, როგორც ამას სკოლაში აკეთებდა.
მანანა ხეცურიანი ოჯახის მოვლას, მეურნეობას და მათემატიკის სწავლებას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს. ჩვენს კითხვაზე – როგორ ასწრებს ამ ყველაფერს, ერთი პასუხი აქვს, რომ მთავარი ჯანმრთელობა და მონდომებაა.

„ჯანმრთელობა იყოს და თუ მოინდომებ, ყველაფერსაც კარგად მოასწრებ, მე ყველაზე მეტად სოფელში ფუსფუსი, მცენარეებთან ურთიერთობა, ბოსტანი და პატარა წიწილების მოვლა, ძალინ მამშვიდებს, ქალაქებში ტყვილა წამოწოლილ ხალხს ვურჩევ, აქ დაბრუნდნენ და ასეთი მცირე საწარმოები გააკეთონ. აი, სწორედ ამის მერე წაიწევს ქვეყანა წინ“, – ამბობს მანანა.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები