“ოპოზიციის ჟრიამულს ცივი წყალი გადაესხა” – ზაალ ანჯაფარიძე GORBI-ს კვლევას ეხმაურება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებულ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება.

“ოპოზიციის ჟრიამულს ე.წ. „პოლიტპატიმრების“ ციხიდან გამოშვების გამო, რომლებმაც ლამის არჩევნებზე გამარჯვება იზეიმეს, ცივი წყალი გადაესხა, მას შემდეგ რაც გაზომვადი ინდიკატორებით გამოვლინდა, რომ საქმე საზეიმოდ კი არა, იმაზე უარესად აქვთ, ვიდრე შეიძლებოდა წარმოედგინათ.
კომპანია “GORBI” მიერ ჩატარებული საკმაოდ რეპრეზენტატიული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, საპარლამენტო არჩევნები რომ ახლა ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერდა გამოკითხულთა 55%, მაშინ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 12% და „პატრიოტთა ალიანსს“ 6%. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ამბიციები მხოლოდ 3% არის დაკმაყოფილებული. ფაქტიურად, ვიღებთ დაახლოებით იმავე კონფიგურაციის პარლამენტს რაც ეხლა გვაქვს.
კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება, თუნდაც იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას გააჩნდა ,უფრო ძლიერი ქვეყნების ფონზე, მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი, ფაქტორი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მიმართ ნდობის გაზრდის კუთხით. ხელისუფლების პოლიტიკის ცენტრში იდგა ადამიანი და მისი ინტერესები. დიდი წარმოსახვის უნარი არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ როგორ იმოქმედებდა თუნდაც მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი ინციდენტების დროს „ნაციონალური მოძრაობა.“ ხელისუფლებამ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომით მოახერხა სიტუაციის დარეგულირება. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ავხსნა, თუ რა დგას გამოკითხის შედეგების და ციფრების უკან, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილს გამოთქვამს (63%).
რაც მთავარია, მოსახლეობის ეს განწყობა მმართველი გუნდის მიმართ ფორმირდებოდა იმ უპრეცედენტო საინფორმაციო ომის ფონზე, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ ოპოზიციის მომსახურე მედიასაშულებები თუ სხვადასხვა ჯგუფები.
გამოკითხვის შედეგები არის ასევე საზოგადოების ერთგვარი პასუხი ოპოზიციის ქცევაზე კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე, როდესაც მოსახლეობის ძნელბედობის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკური ქულების დაწერაზე ზრუნავდნენ და იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობდნენ შერყეული პოზიციების აღდგენას.
რა თქმა უნდა, შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ერთი გამოკითხვის საფუძველზე შორსმავალი დასკვნები გავაკეთო, რადგანაც წინ მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი გველოდება. არსად წასულა მოსახლეობის ის პრობლემები, შფოთვები და მოლოდინები რაც კვლევაშია კეთილსინდისიერად არის მოცემული (კორონავირუსის შედეგად მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და სხვა). ამ პრობლემების მოგვარების ხარისხზე ბევრად იქნება დამოკიდებული ამომრჩევლის არჩევანი“- წერს ანჯაფარიძე „ფეისბუქში“.
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.
12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% – „პატრიოტთა ალიანს“, 4 % – „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% აქვს ასევე მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% აქვს „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. სხვა – ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.
კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები