ამირან გამყრელიძე: 30 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი, ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ
“უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი” , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.
„დიდი ხანია, უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და უნდა შეეგუონ ამას. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“ , – აღნიშნა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება, „ვინაიდან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.