მეუფე იაკობი: რუსებზე მეტად ვანო მერაბიშვილმა ააოხრა ტყეები, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? ყველაფერი გინდათ, მალაპარაკოთ?
“თუ შეიძლება, უცხოეთიდან ვიღაც ჩამოსულს, შაჰ- აბასის შვილთაშვილებს მიჰყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მეუფე იაკობმა საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს, ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი იქნება კარგი. მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ, თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს, რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, ეგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ, მალაპარაკოთ?
როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა მოიგო საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. ძველად იყო, შევარდნაძის დროს “მხედრიონი” და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს – ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა თავისი? მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება, უცხოეთიდან ვიღაც ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება, ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.