მეუფე იაკობი: თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც
„მე არ ვიმუქრები. თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც“, – ამის შესახებ ბოდბელმა
მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიაზე შეტევა მიდის.
„მე არ ვიმუქრები. თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც.
ეკლესიაზე შეტევა მიდის. სხვა არის კრიტიკა, სხვა არის, რამეს რომ დავაშავებთ, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო; თუ ვხვდები, შემდეგ შეგიძლიათ, ჩემს ცუდ საქციელზე ილაპარაკოთ.
აღდგომაზე ეკლესიის კლასტერი რომ არ გაჩნდა, ხალხს გული გაუსკდა, ძალიან ხომ უნდოდათ, ყოფილიყო? პოლიტიკოსებსაც ძალიან უნდოდათ, ჭკუას გვასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა.
საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი და ჭკვიანად უნდა იყვნენ. რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე, უბრალოდ, გამოვა, რომ პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება; ხალხი სხვანაირად შეხედავს, რომ ვთქვა, რას აკეთებენ და როგორ იქცევიან. როგორ ცდილობენ, რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე – ოპოზიციას გულისხმობს თუ არა ამ განცხადებაში, მეუფე იაკობი პასუხობს:
„ხო. მთავრობა რატომ უნდა ვიგულისხმო? მთავრობასთან რაც გვაქვს, პირდაპირ ჩანს ხოლმე. მთავრობა ბოლომდე შეეცადა, რომ წირვები არ ჩატარებულიყო, მაგრამ ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო. რომ არ ჩატარებულიყო, ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა საქართველოში, მსოფლიოში რაც ხდებოდა. ხომ ხედავთ, როგორ იოლად მიდის? რა თქმა უნდა, ისევ ისინი იკბინებიან, ოპოზიციური ფრონტიდან ყველაზე არ ვიძახი, ბევრი ეკლესიაშიც მოდიოდა“, – აცხადებს მეუფე იაკობი.