გიორგი გახარია: მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ
ბიუჯეტის წარდგენის პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კონკრეტული თარიღები არსებობს, მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხარჯები არის გაჟღერებული და დაფიქსირებული, რომელიც ასევე წარდგენილი იქნება კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში.
„რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს, ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პანდემიამდე ნაერთი ბიუჯეტი 13,7 მილიარდი, რომელიც შემცირდა 11,9 მილიარდამდე. ეს დელტა არის 1,8 მილიარდი. ჩვენი ხარჯები არის გაჟღერებული და დაფიქსირებული, რომელიც ასევე წარდგენილი იქნება კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში. 350 მილიონი ეს არის კონკრეტულად ჯანდაცვის ვირუსთან ბრძოლის პირდაპირი ხარჯები – ტესტი, აღჭურვილობა, მკურნალობა და სხვა. 1,03 მილიარდი, ეს არის სოციალური დახმარება მოქალაქეებზე, 1, 7 მილიარდი არის ბიზნესის დახმარება და ეს სულ არის 4,3 მილიარდი. მნიშვნელოვანი ციფრი, რომელიც თქვენ ალბათ დაგაკლდათ, ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც 6-დან 8,5-მდეა გაზრდილი. ეს არის ის პარამეტრები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს. ეს არის ბიუჯეტის ის პარამეტრები, რომელიც არის საპროგნოზო, კრიზისული და რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ იმ სოციალური დახმარებებისა და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რომელიც წარდგენილი იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.