რომან კაკულია პრემიერს: არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია სუბსიდირებული პროდუქტების მიმართ
„პანდემიის განმეორების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული სტრატეგია იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ჩვენ ამ ეტაპზე, სუბსიდიით მივუდექით?” – ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რომან კაკულია ასევე დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს პრემიერის მოხსენების ფონზე უკვე წარმოდგენილი ყოფილიყო ბიუჯეტი.
„შეკითხვების ნაწილი სწორედ ისეთი იქნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ირჩევს ასეთ სტრატეგიას, რომ იღებენ ერთ სეგმენტს, ასახელებენ ციფრს და მერე მსჯელობენ ეს საკმარისია თუ არა. ასეთი შეკითხვის ობიექტური პასუხი, ცხადია, იქნება მთელი სურათის დანახვა, სადაც დავინახავთ, რა შეზღუდა მთავრობამ თავის თავზე, რა პროგრამები შეიზღუდა და როგორი რელევანტური იყო ეს შეზღუდვა, მაშინ მოგვეცემა საშუალება, რომ ასეთი ტიპის ოპონირებას მყარად გავცეთ პასუხი, რადგან მთლიანი სურათის დანახვა მნიშვნელოვანია და რაიმე კონკრეტული მიზეზი ხომ არ არის, რომ დღეს ბიუჯეტის წარდგენა ვერ მოხერხდა?”,- განაცხადა რომან კაკულიამ..
რომან კაკულიას კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა ფონდს, სადაც ბევრმა ადამიანმა ჩადო საკმაოდ ბევრი თანხა და კარგი იქნება თუ საზოგადოებას ეცოდინება პრინციპი, როგორ დაიხარჯება ეს ფული. ის საერთო თანხაში ჩაიწერება თუ იქნება რაღაც კონკრეტული მიმართულებები.
დაგრობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე იმითაც დაინტერესდა თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ მოხდეს ადრესატამდე დახმარების მისვლის მონიტორინგი და საერთოდ როგორ ფიქრობს მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას.
„ჩემი შეკითხვა ეხება ზოგადად მმართველობის თემას, იმიტომ, რომ ბევრი შეკითხვა მოდის ასეთი, გასაგებია თანხა, გასაგებია ადრესატი, მაგრამ მისვლის პროცედურებში არის ძალიან ბევრი ხარვეზი.
მესმის, რომ აქ ადამიანური რესურსის პრობლემაა, ყველა ამ თანხის მიმტანი სხვადასხვა ინსტანციაშია და იოლი ნამდვილად არ არის ეს, მაგრამ ამის მონიტორინგის სისტემა როგორი გაქვთ, თქვენ თუ ხედავთ ამ გამოწვევებს და როგორ ფიქრობთ მოაგვაროთ ეს კონკრეტული თემა?”- ჰკითხა რომან კაკულიამ გიორგი გახარიას.