გაყალბებულ დოკუმენტებზე ამნისტია ამოქმედდა
გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონი ამოქმედდა. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. კანონის თანახმად, ის პირები, რომლებმაც 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირდობის მოწმობა, პასპორტი (მათ შორის, საბჭოთა), სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან,- ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს განცხადებით, დევნილის მოწმობის გაყალბების შემთხვევაში, დამნაშავე თავისუფლდება არა მარტო პასუხისმგებლობისაგან, არამედ ამ მოწმობის საფუძველზე სახელმწიფოსაგან მიღებული ფულადი თანხების (ლტოლვილის ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარება) დაბრუნებისგანაც. ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები − გვარი, სახელი, დაბადების წელი, დაბადების ადგილი (2009 წლის 1 იანვრამდე), აგრეთვე, იმ პირებზე, რომლებმაც გაყალბებული დოკუმენტებით ან მისი მონაცემებით ისარგებლეს. ამნისტია ეხება პასპორტის ვადების თვითნებურად შეცვლას და დოკუმენტებზე შტამპის გაყალბებას. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე დოკუმენტაციის მისაღებად მიმართავს იუსტიციის სახლს ისე, რომ აღარც კი ახსოვს, როდის და რა მიზნით გააყალბა ესა თუ ის მონაცემი, ან ვარაუდობს, რომ ამ გაყალბების გასწორება უმტკივნეულოდ შეიძლება, რაც არასწორია. პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება, საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა − ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ისარგებლონ ამნისტიით და ყოველგვარი სასჯელის ან ჯარიმის გარეშე შეასწორონ გაყალბებული მონაცემები. იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს ამნისტიით, მან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება.