მეუფე შიო: ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, ღმერთმა ინებოს, მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებასა და გამთლიანებას

“ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, ღმერთმა ინებოს, მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებასა და გამთლიანებას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ასევე, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ცნებებზე ისაუბრა.

„დღეს არის დიდი დღე ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს არის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ჩვენ დღეს ვატარებთ პარაკლისს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევასა და მოლოცვას. ვიხსენებთ წინაპრებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი დადო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინც იღვაწა, ვისი დამსახურებითაც მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ასევე, ვფიქრობთ, საერთოდ რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება.

შეიძლება, გქონდეს გარეგნული თავისუფლება, მაგრამ არ იცოდე, რისთვის არის ეს და ვერ გამოიყენო სათანადოდ, რადგან თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეს არის დიდი ნიჭი და ტალანტი ღვთისგან მოცემული. პირველ ყოვლისა, თავისუფლება  არის საშუალება, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად შეძლოს ღმერთის მსახურება და ღმერთის საქმის აღსრულება დედამიწაზე. იმისთვის არსებობს გარეგნული თავისუფლება, რომ მიაღწიოს შინაგან თავისუფლებას. ეს ერთმანეთში გადაჯაჭვულია. გარეგნული თავისუფლების გარეშე სულიერად კვდება ადამიანი, ჭკნება. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მოაზროვნეები წერდნენ, როდესაც მონობაში ამყოფებს ადამიანს, ნახევარ კაცად აქცევს. თავისუფლებით ადამიანი მთლიანდება სულიერად. მეორე მხრივ, თავისუფლებაც შეიძლება, დაიკარგოს, თუ ადამიანმა არასწორად გამოიყენა და ვერ განახორციელა სულიერი ამოცანები. ამიტომ, ჩვენ ორივეზე ვფიქრობთ. ვევედრებით უფალს, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის, ვიხსენებთ წარსულსაც, ვიხსენებთ, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი წმინდანები ამ ორივე დიდი ღირებულებისთვის დებდნენ თავს როგორც გარეგნული, პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ასევე, შინაგანი თავისუფლებისთვის. მთავარი მიზანი იყო მსახურება ჩვენი იესო ქრისტესი, მისი მცნებებისა და ეკლესიის შენახვა.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას. დღეს სამწუხაროდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის დაპყრობილია. ეს ალბათ ყველა ქართველი პატრიოტისთვის უპირველესი სატკივარია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. უფალმა ინებოს რომ ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, როგორც გარეგნულ, ისე – შინაგან თავისუფლებას”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები