ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დაპირებულ ვიდეომასალას აღარ გაასაჯაროებენ
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დაპირებული ვიდეომასალის გასაჯაროებას აღარ აპირებენ.
ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ეს არასრულწლოვანის ინტერესების გამო ხდება, რადგან კადრებში ბავშვიც ჩანს.
“საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალა ცალსახად ადასტურებს, რომ არც ნიკოლოზ ბასილაშვილსა და არც მისი ოჯახის წევრებს ქალბატონ ნეკაზე არ უძალადიათ. დანარჩენს მომავალშიზ თუ რამე წარმოსადგენი აქვთ, წარმოადგენენ და გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ქონებრივ დავას – ამ ეტაპზე, ქონებრივი დავა არ მიმდინარეობს, ხოლო დამატებით თანხების გადახდას, რასაც ბატონი ბასილაშვილი საკუთარ თავზე იღებდა, შეწყვეტს ამის გადახდას, გარდა იმისა, რაც მორიგების ოქმით არის და ალიმენტი, ბუნებრივია. იმიტომ, რომ გარკვეული სპეკულაციების საგანი გახდა, თითქოს და, ბატონი ბასილაშვილი გარკვეულ თანხას ნეკას უხდიდა დუმილის სანაცვლოდ”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.