ანა აბაშიძე: 100 000 დოლარი საჩუქარი არ არის, ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე ნელი დოროყაშვილს მიაკუთვნა

“100 000 დოლარი საჩუქარი არ არის, ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე ნელი დოროყაშვილს მიაკუთვნა”, – ამის შესახებ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი, რომ ნელი დოროყაშვილი ყოფილი ქმრისგან ყოველთვიურად სოლიდურ თანხას იღებდა, უსაფუძვლოა.

„თითქოს მოდავეებს შორის არის ქონებრივი ინტერესი და ამიტომ არის აღძრული ეს დავა. მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო უწყებასაც აქვს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს აქვს დოკუმენტი, მაგრამ არ ახსენებენ, რადგან აქ წერია ის, რაც მათ სტრატეგიას ფაქტობრივად, შლის – 100 000 დოლარი, რომელიც თითქოს არის ნაჩუქარი, ბასილაშვილის კეთილი ნება და ვითომ ამას უწყალობებს მის ყოფილ მეუღლეს. ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრება. აქ არის სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ ნაწილად, ქალბატონი ნელი დათანხმდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას კანონით ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ არ სურდა დავაში შესვლა და არ სურდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს გაწელილი პროცედურების მიდევნება, რადგან ეს არის ურთულესი პროცესი ბავშვისთვის. მოუწევს გადაიხადოს დარჩენილი თანხა 2021 წლის ბოლომდე, რაც განჩინებაში წერია. კამათი ან ჭორები, რომ ბატონი ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოველთვიურად თავის მეუღლეს, მარტივად რომ ვთქვათ, უსაფუძვლოა. საუბარი იყო, რომ სავარაუდო მოძალადე შანტაჟის მსხვერპლი იყო და თითქოს ნელი დოროყაშვილი იყენებს რაღაც ინფორმაციას მის წინააღმდეგ, ამაზე გვაქვს მარტივი კომენტარი, ეს არის აბსურდი, არანაირი კავშირი არ აქვს ნელი დოროყაშვილს ამ თემასთან“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები