ანა აბაშიძე: თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, ეს, პირველ ყოვლისა, ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული, მან თავის კარიერაზე უარი თქვა

“თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს, პირველ ყოვლისა, ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ადამიანი წარმატებულია რაიმე საქმეში, არ ნიშნავს, რომ მისი მხრიდან ძალადობაზე არ ვისაუბროთ.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის ბევრი ადამიანისთვის სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანი და მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია. ეს ყველას გვიხარია. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში  ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე მარტო იმის გამო, რომ ის არის უდავოდ წარმატებული ადამიანი, ჩვენ გავჩუმდეთ. ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც, ალბათ, განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს,  მოითმინოს ძალადობა მარტო იმის გამო, რომ ადამიანი, რომელზეც საუბრობს, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, სრულიად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც წარდგენილია საგამოძიებო ორგანოში, ეს რეალურად მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით ხდება. ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია, ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია. ამავდროულად, უნდა ვისაუბროთ, მის პირად წარმატებაში რა როლი აქვს მის ყოფილ მეუღლეს, მის ყოფილ ცოლს. ქალბატონი ნელი, პრაქტიკულად, დაახლოებით, რვა წელს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს არაერთ მედიაგადაცემაში, ბეჭდურში, თუ სატელევიზიოში და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს მის სპორტულ კარიერაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახსა და, პირველ ყოვლისა, მის ყოფილ ცოლთან. ნელი იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მეუღლისთვის, უარს ამბობდა პირად კარიერულ წარმატებაზე. მან კარიერა ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში დაიწყო. არაერთი მიმართულებით ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ შემოთავაზება, მაგრამ საკუთარი ნებით გააკეთა არჩევანი დახმარებოდა მეუღლეს და ეზრუნა შვილზე. ასე რომ, იმ კარგ საქმეში, რითიც ჩვენ, ყველა უნდა ვამაყობდეთ, არის ძალიან დიდი”, – განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები