ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: მტკიცებულებების გასაჯაროებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის ადამიანების პირადი ცხოვრება, არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამ საქმის ასეთი დეტალები უნდა იცოდეს
“მტკიცებულებების გასაჯაროებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის ადამიანების პირადი ცხოვრება და არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამ საქმის ასეთი დეტალები უნდა იცოდეს”, – ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს, ფოტომასალას, ექსპერტიზის დასკვნას, შეფასებებს ისინი გამოძიებას წარუდგენენ და მათთან აქტიურად ითანამშრომლებენ.
„არაერთი მტკიცებულება ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე უკვე არის შეგროვებული და ძალიან კარგად იციან ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა, იცნობენ ამ მტკიცებულებების შინაარსს, მათ ნანახი აქვთ ის ვიდეოჩანაწერები და ფოტომასალა, რაც წარდგენილი იქნა გამოძიებაში. ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მასალის გასაჯაროებას იმიტომ, რომ ეს არის ადამიანების პირადი ცხოვრება, ეს არის მძიმე ადამიანებისთვის და არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამ საქმის ასეთი დეტალები უნდა იცოდეს, მით უმეტეს, რომ ეს პირდაპირ დააზიანებს ბავშვის ინტერესებს. ეს ასევე ძალიან კარგად იცის დაცვის მხარემ, რომ ჩვენ ამ მტკიცებულებებს საჯაროდ არ გამოვიყენებთ, მაგრამ ყველა მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს, ფოტომასალას, მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნას, შეფასებებს წარვადგენთ გამოძიებაში, ვითანამშრომლებთ აქტიურად გამოძიებასთან და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე სასამართლოში. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და არა – საჯარო სივრცეში სასამართლო განხილვებს იმიტომ, რომ ეს ძალიან სენსიტიური თემა, ბევრ ადამიანს ეხება, მათ პირად ცხოვრებას ეხება და ცხადია, ჩვენ ყველა ადამიანის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდებით და შეგნებულად ამ მტკიცებულებებს არ ვასაჯაროებთ”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.