ჩოგბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი ბასილაშვილის საქმეზე: ჯერ რა სანქციებზეა საუბარი, ბრალი დამტკიცებული არ არის

“ჩემთვის მართლა შოკისმომგვრელი იყო ეს ამბავი, გამოძიებას უნდა დაველოდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრე მეტრეველმა ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბრალი არ არის დამტკიცებული, სანქციებზე საუბარი ნაადრევია.

“ჩემთვის მართლა შოკისმომგვრელი იყო ეს ამბავი. ჯერჯერობით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ჯერ რა სანქციებზე უნდა იყოს საუბარი. ჯერ, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არც ბრალია დამტკიცებული. გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე, მერე სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი, უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, სიმართლე. ადამიანი როცა სამი დღეა, დაკავებულია, განხილვის საგანი გახდა და ა.შ. გამორიცხულია, რომ ეს დადებითად აისახოს მის ფსიქიკასა და, სავარაუდოდ, ჩოგბურთზე”, – განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები