ირაკლი შიხიაშვილი: ყველა პოლიტიკურმა ძალამ და პოლიტიკოსმა ნდობა დაკარგა
„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, დღეს საზოგადოებაში ყველა პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკოსს ნდობა დაკარგული აქვს. ამის შესახებ შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რომელიმე პოლიტიკური ძალისგან მოგისმენიათ რაიმე პროგრამა? არავინ აკეთებს ამას. არის ორი დუჟმორეული პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები, მეტსაც ვიტყვი ისინი ტროცკისტულ ძალას დაემსგავსნენ, იმიტომ, რომ ტერორს უწყობენ ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირს. ძალაუფლების მოპოვებაზე მაშინ უნდა გაგაჩნდეს პრეტენზია, თუ გაქვს გეგმა, პროექტი იმისა, შენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როგორ უნდა განავითარო ქვეყანა და როგორ წაიყვანო წინ. ასეთი გეგმა არ არსებობს. მებადება სამართლიანი კითხვა – რატომ უნდა მისცეს ხელისუფლებაში მოსვლის ლეგიტიმაცია რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს ჩვენმა მოსახლეობამ? მოსახლეობის 70 % -ს საერთოდ არ აინტერესებს არცერთი პოლიტიკური ძალა, უარყოფითად არის განწყობილი ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ. 30 % არის აქტიური. 70 %-ის ასეთი გულგრილი , ნიჰილისტური დამოკიდებულება არჩევნებში ვერ გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას. მისი გულგრილობა გამოწვეულია იმით, რომ ნდობა დაკარგა ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ყველა პოლიტიკოსმა. არავის აქვს დღეს საზოგადოებაში ისეთი ავტორიტეტი და ქარიზმა , რომ მას გაჰყვეს ხალხი. პერსონების გაკერპებამ მიგვიყვანა აქამდე.
ნეობოლშევიკებმა, ბოკერიას და უგულავას გუნდს ვგულისხმობ , ქვეყნის გარეთ ყველა პირობა შექმნეს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“, თავად ბიძინა ივანიშვილის სრული მარგინალიზაცია მოახდინეს . ოლიგარქიული მმართველობის ყვირილით გააყრუეს დასავლური სამყარო. ამით მათ საფრთხე და პრობლემა მარტო „ქართულ ოცნებას“ კი არ შეუქმნეს , არამედ ქვეყანა დააზიანეს. „ქართულ ოცნებას“ ხშირად აქვს სირაქლემას პოზა, ან არის უსუსური და საგარეო ველზე გასვლის შემთხვევაში ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორებთან ვერ წარმოადგინა და დასაბუთა თავისი გაკეთებული საქმეები , დემოკრატიული მიზნები. ორივე ძალა მარგინალიზებულია.
ნეოტროცკისტებმა, ნეობოლშევიკებმა ის მოახერხეს, რომ დღესდღეობით ჩვენს მოსახლეობაში დასავლური ფასეულობების და პარტნიორების მიმართ უარყოფითი განცდა გააჩინეს და გაზარდეს. ამ ადამიანებმა მოახერხეს ის, რომ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა – დასავლური ზეწოლის გამო დამნაშავეებს პოლიტმატიპრები ეწოდებათ , ე.ი დასავლეთი ცუდია. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ არა ამერიკა, დღეს ჩვენ სხვა პირობებსა და მდგომარეობაში ვიქნებოდით. ჩვენი განვითარების გზა ბევრად უფრო ცუდი იქნებოდა.
ჩემს მეგობრებთან ერთად ვფიქრობთ და ვმუშაობთ უკვე , რომ წარვადგინოთ new box – ასე ვუწოდეთ, ახალი ყუთი, რომლის გაჟღერებითაც წარმოვადგენთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.“- განაცხადა შიხიაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს, თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, შიხიაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხის შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.