ტრაქტორით მომსახურება დისტანციურად – გერმანიიდან თეთრიწყაროში დაბრუნებული ბიზნესმენის ინოვაციური იდეა

32 წლის გიორგი ავჭალელი საქართველოში პირველია, ვინც ტრაქტორით ონლაინ მომსახურება დანერგა. მანამდე მოგზაურობით იყო გატაცებული. სწორედ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, გერმანიაში გაიცნო მომავალი მეუღლე. საკმაოდ კარგად აწყობილი საქმის მიუხედავად, გადაწყვიტა ოჯახთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ მარაბდაში დაბრუნებულიყო და სოფლის მეურნეობის განვითარებაში წვლილი შეეტანა.

როგორც გიორგი „რეგიონულ კვირას“ უყვება, გერმანიის დატოვება მისთვის რთული იყო, თუმცა მიზნად დაისახა ტრაქტორით მომსახურება დაეწყო, რადგან თეთრიწყაროში მიწის დასამუშავებელი ტექნიკა მოსახლეობას არ ჰქონდა და სხვადასხვა რეგიონებიდან უწევდათ მოყვანა, აღნიშნული კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

„2009 წლიდან ვმოგზაურობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ბავშვი და მეუღლეც გერმანიის მოქალაქეები არიან. მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა შესაძლებლობა გერმანიაში დავრჩენილიყავით და გვეცხოვრა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ დავბრუნებულიყავით ჩემს მიწაზე, მარაბდაში და მიგვეხედა სოფლის მეურნეობისთვის “, -იხსენებს გიორგი ავჭალელი.

გიორგის მამასთან ერთად მარნეულში აგრეგატების მაღაზია ჰქონდა. მათ ხშირად აკითხავდა მოსახლეობა და სთხოვდნენ, რომ იმ აგრეგატებით, რომლებიც გასაყიდი იყო სხვადასხვა მომსახურება გაეწიათ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, ტრაქტორები შეეძინა.

„სოფელში როდესაც გადმოვედით საცხოვრებლად ჩემი პატარა მიწის ნაკვეთები მქონდა და გადავწყვიტე დამემუშავებინა. რომ მოვიკითხე ტრაქტორი სოფელში არ იყო, საჭირო იყო ბოლნისიდან ჩამოყვანა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ბიზნესი უნდა გაკეთებულიყო. სწორედ ამ პერიოდში მეგობარმა მითხრა, რომ თეთრიწყაროში ორგანიზაცია “RDFG-ს„ გამოცხადებული ჰქონდა საგრანტო კონკურსი „ENPARD-ის” პროგრამის ფარგლებში.  ამ პროგრამის საშუალებით წამოვიწყე ეს ბიზნესი და მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მათ თქვენი მეშვეობით “ , – ამბობს ბიზნესმენი.

გიორგი ადგილობრივ მოსახლეობას ინოვაციურ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია მომხმარებელმა 15 -ზე მეტი ტიპის სერვისი დისტანციურად მიიღოს, დისტანციურად გაეცნოს სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ფოტო/ვიდეო მასალის მეშვეობით და მოახდინოს ანგარიშსწორება საბანკო გადარიცხვით ან განვადებით. აღნიშნულ საქმიანობაში ბიზნესმენს 6 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული

„ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ 15-ზე მეტი ტიპის მომსახურებას. მათ შორის ხვნა, თესვა, კულტივაცია, გათიბვა, დაპრესვა და ა.შ.
შარშან სეზონზე 20მ-დე დამკვეთი გვყავდა წელს ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია და ვფიქრობ სწორედ კორონავირუსის დამსახურებით. ხალხი სოფლებში გავიდა და ყველამ გადაწყვიტა მცირე ნაკვეთი მაინც დაემუშავებინა. ასე რომ გაგრძელდეს სოფლის მეურნეობა საკმაოდ წინ წავა“ , –  ამბობს გიორგი.

გიორგი ავჭალელს სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებიან. უგზავნიან საკადასტრო კოდს და უკვეთავენ ამა თუ იმ მომსახურებას.
როგორც ბიზნესმენი “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავს, ამ საქმეში უფრო და უფრო ვითარდება. ახლო მომავალში ბიზნესის გაფართოებას და უფრო მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს. ფიქრობს, რომ თუ ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი მაინც აქვს, ის აუციოლებლად უნდა დაამუშაოს.

 

მარიამ გიორგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები