სამეგრელო-ზემო სვანეთში აგროდიზელის ბარათი  600-მდე ფერმერმა აიღო

აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა სამეგრელო- ზემო სვანთის რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს, – აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – მალხაზ თორია გაეცნო.  აგროდიზელის ბარათი, რეგიონში  2 დღის განმავლობაში, უკვე 600-მდე ფერმერმა აიღო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა – გიორგი ქვარაიამ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს რეგიონში პროგრამის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე,  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან – მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე – არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები