ჩხოროწყუში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა განახლდა
ჩხოროწყუში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა განახლდა. მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ნუკრი ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი – ნუგზარ გაბელია ადგილზე გაეცნენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მერიიდან აცნობეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს საკუთარი შენობა არ ჰქონდა და წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს რაიონული საავადმყოფოს შენობაში უწევდა მუშაობა.
“მალე ახალი ცენტრი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 214 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოები, რომელზეც ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.