მამუკა მდინარაძე: ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს და დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები

“ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს და დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, გუშინ პარლამენტში სპეკულაციებით სავსე გამოსვლები იყო.

„გუშინ საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვნახეთ სპეკულაციებით სავსე გამოსვლები. როდესაც მთავარი იარაღი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში არის გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები და ვიღაც გეუბნება, რომ არანაირი მცირე კალიბრის იარაღიც კი არ უნდა დარჩეს მთავრობას და ხელისუფლებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია. მაპატიოს ყველამ, გამორიცხულია სხვანაირი შეფასება. რომ ამბობ, იარაღი არ უნდა გქონდეთ და ისე ებრძოლო პრობლემას, ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ პრობლემამ გაიმარჯვოს და პოლიტიკურად ამით ვიღაცამ ისარგებლოს, მაგრამ ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეს, ამიტომ ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს და დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ საზოგადოებას მაღალი თვითშეგნების გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება მეტწილად საზოგადოების დამსახურებაა.

„საქართველო არის ერთგვარი პოზიტიური კუნძული, რადგან გარშემო ქვეყნებში არის ძალიან ცუდი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა, ეს არის ეკონომიკის ხელახლა დაძვრა, გახსნა და განვითარება და ამ გამოწვევასთან ბრძოლაში ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ ამ პროცესის თანაზიარები და დაწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებას იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები