ეკატერინე ტიკარაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1.36, რაც ვერ იძლევა იმის საფუძველს, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის მთავრობას რეკომენდაცია მიეცეს.
„საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მოიხსნება გარკვეული რეგულაციები. ეს, პირველ ყოვლისა, შეეხება საგანგებო მდგომარეობას ისევე, როგორ ე.წ. კომენდანტის საათს. რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით, ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1.36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. თუმცა, ტრანსპორტთან მიმართებაში მივიღეთ ერთი გადაწტყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას.
საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით, ასევე ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.