მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება.
„ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითაც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.
​მისი თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები, 20-დღიანი ტყვეობის შემდეგ, თავისუფლები არიან.
თამარ იოსელიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მათი უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებისა და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით. პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის”, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.
ცნობისათვის, უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური, რომელთა ქალაქ ლომედან წამოყვანისათვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები