რუსუდან თევზაძე: ყოველ დღე ახალ და თან უგუნურ სიურპრიზს გვთავაზობს ე. წ. ოპოზიციური გაერთიანება
“მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის საარსებო და სამოქმედო ინსპირაცია თუ ივანიშვილია, ეს იმას ნიშნავს, რომ “მზე ამოდის და ჩადის ივანიშვილით” მე თუ მკითხავთ, ურიგო არაა ყოველივე”, – ასე ეხმაურება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებებსა და აქტივობებს.
“მოკლედ, ყოველ დღე ახალ და თან უგუნურ სიურპრიზს გვთავაზობს ე. წ. ოპოზიციური გაერთიანება. მე მას გაერთიანებას ვერ და არ ვუწოდებ. ის, ერთმნიშვნელოვნად კლასიკური ხელმოცარული, მონადირე თაღლითებისა და დამნაშავეების თავშეყრაა, სავსე ეკლექტიკითა და ქაოსით, რაც მათ უღირსობას კიდევ მეტ სიმძაფრეს და ეშხს სძენს. სწორედ ამ გზააბნეული და მორალდაკარგული პოლიტიკოსებიდან ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა უნდა იცოდესო, რომ პოლიტ-ლიდერები არ უნდა დაიჭიროსო, ნურას უკაცრავად, ქალბატონო ნინო! პირველი, მათ ივანიშვილი კი არა, სასამართლო განსჯის და მეორე, ნებისმიერი სტატუსისა და საქმიანობის ადამიანი თუ დამნაშავეა ქვეყნისა და ერის წინაშე, სამართლებრივად ისჯება და ე. წ. პოლიტლიდერობა ხელშეუხებლობის იმუნიტეტი არ გახლავთ! აღარაფერს ვიტყვი თქვენი მხრიდან სააკაშვილის ქებაზე. და ბოლოს, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის საარსებო და სამოქმედო ინსპირაცია, თუ ივანიშვილია, ეს იმას ნიშნავს, რომ “მზე ამოდის და ჩადის ივანიშვილით” მე თუ მკითხავთ ურიგო არაა ყოველივე. წარმატებები მისურვებია”, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.