მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფორმატში მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს

მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ელექტრო და ელექტორონული მოწყობილობების, ზეთების, საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადდა.
​როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თითოეული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მგვ-ს შესრულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ წესებსა და მოთხოვნებს მოიცავს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა.
„ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წლიდან ძალაშია „ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა. კოდექსი ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვას, რომლის თანახმად, გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი არიან იმ ნარჩენების მართვაზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისათვის, მგვ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმ ფინანსური რესურსების მობილიზება, რომლებიც საჭიროა ნარჩენების ხელახალი გამოყენების, სეპარირებული შეგროვების, რეციკლირების ან სხვაგვარად დამუშავების უზრუნველსაყოფად და ეფუძნება პრინციპს „დამაბინძურებელი იხდის”. მგვ ხელს უწყობს ნარჩენების სექტორის ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და პირდაპირ კავშირშია როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასთან, ასევე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან.
ტექნიკური რეგლამენტები შემუშავებულია ევროკავშირის, USID, SIDA, UNDP, დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით; გაზიარებულია შვედეთის, გერმანიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების გამოცდილება. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ის კომპანიები ვიზედაც უშუალოდ ვრცელდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება.
უკვე შემუშავებულია და დაინტერესებულ მხარეებთან თანხმდება „შეფუთვის ნარჩენებისა“ და „ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტების პროექტებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები