“განმეორებითი ტესტირება არ ნიშნავს დაავადების დადასტურებას” – მარინა ეზუგბაია მეორად შემთხვევებზე
“განმეორებითი ტესტირება არ ნიშნავს დაავადების დადასტურებას. ჩვენ შეგვიძლია, დავსვათ შეკითხვა – განმეორებითი ტესტირებისას რა ხდება. ეს არ არის დაავადება”, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კითხვას – სამი ადამიანია, რომელსაც კლინიკიდან გაწერის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა, არის თუ არა ვირუსის ხელახლა გავრცელების საფრთხე?
მისივე განმარტებით, როცა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, 14 დღის შემდეგ ტესტირება უტარდება და პასუხი დადებითია, არ ნიშნავს, რომ ის პაციენტი კვლავ დაავადებულია.
“განმეორებითი ტესტირება არ ნიშნავს დაავადების დადასტურებას. ჩვენ შეგვიძლია, დავსვათ შეკითხვა – განმეორებითი ტესტირებისას რა ხდება. ეს არ არის დაავადება, რეინფექციაზე არ არის ლაპარაკი და არც სუპერინფექციაზე იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც კარანტინის სივრცეშია მოთავსებული, იქ შეუძლებელია მოხდეს თავიდან ინფიცირება ან რეინფექცია. რეინფექცია ნიშნავს, რომ ამ პაციენტთან აუცილებლად უნდა გამოვლინდეს კლინიკა, ანუ დაავადების გამოვლენა სხვადასხვა სიმპტომებით, განახლება. როცა ასეთი კლინიკა არ გვაქვს და ჩვენ ტესტირებისას, 14 დღის გასვლის შემდეგ, როცა პაციენტს ვუტარებთ ტესტირებას და მიღებული გვაქვს დადებითი პასუხი, ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი არის დაავადებული იმიტომ, რომ ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები, რომლის დეტექციას აწარმოებს ჩვენი მაღალტექნოლოგიური კვლევა, იჭერს ამ ნარჩენებს, მაგრამ ეს ნარჩენები არ არის სიცოცხლისუნარიანი, ანუ ინფექციურობის უნარი არ აქვს, გადამდებლობა ამ პირიდან სხვა პირზე არ ხდება და ეს პირი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს, გართულებაც არ არის მოსალოდნელი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.