კახა კუჭავა: ტერმინი „პოლიტპატიმრები” ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში ნახსენები არ არის
„დოკუმენტში პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ მთლიანობაში ანგარიში შეფასებულია, როგორც პოზიტიური ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით და აღნიშნულია ის პროგრესი, რომელიც მიღებულია რეფორმებისა და საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიშში ისინი მიესალმებიან სასამართლო სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ არის ხარვეზები, რაც უნდა გამოსწორდეს.
„ვთანხმდებით, რომ ანგარიში არის პოზიტიური. არ შეიძლება არდაფასება იმ რეფორმებისა და იმ საქმიანობისა, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
მისივე თქმით, ტერმინი „პოლიტპატიმრები” ანგარიშში ნახსენები არ არის.
„განცხადება გაკეთდა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ და არა – სხვადასხვა ევროპარლამენტარის მიერ და ისიც მას შემდეგ, როდესაც ძალიან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა სხვა ევროპარლამენტარების მხრიდან. ერთ-ერთმა დეპუტატმა მოუწოდა თავის კოლეგებს, რომ მხოლოდ ერთ წყაროს ნუ დაეყრდნობიან და სანამ არ იქნება მათი ინფორმაცია გადამოწმებული, მანამ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და კიდევ უფრო მეტად ახდენს ისედაც პოლარიზებული ძალების პოლარიზებას”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.