დაუდგინდა თუ არა გამოჯანმრთელებულს ხელახლა კორონავირუსი – მარინა ეზუგბაიას განმარტება
“ვარაუდია, რომ შეცდომა მოხდა ტესტირების დროს, დაავადების რეინფექციაზე სრულყოფილი მონაცემების გარეშე ნუ ვისაუბრებთ”, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კითხვას – “გამოჯანმრთელებულ პაციენტს საქართველოში კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა, რეტესტირების დროსაც არის ცდომილება?”.
მისივე თქმით, ზოგადად, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუკი სახეზეა როგორც კლინიკური გამოჯანმრთელება, ასევე, „პისიარ“ კვლევით ვირუსის ელიმინირება.
„მე დაზუსტებით არ შემიძლია, გითხრათ სიტუაცია. აქ გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს – განმეორებით დადასტურების შემთხვევაში კლინიკა იყო გამოვლენილი თუ არ იყო გამოვლენილი. ანუ, ეს არის ტესტი დადებითი კლინიკის გარეშე. ეს ერთი ვარიანტია. ე.ი. დაავადების რეინფექციაზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა არ ვიცით ჩვენ სრულყოფილი მონაცემები. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ჩვენს პაციენტებს და ხდება ამ პაციენტების მონიტორინგი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. უშუალოდ კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ ჩვენ უკვე გამოჯანმრთელებას კი არა, ტესტის უარყოფით პასუხს ველოდებით და ვიძახით, რომ, გამოჯანმრთელებასთან ერთად, თუ „პისიარ“ ტესტირება უარყოფითია, განმეორებით 24- საათიანი ინტერვალით უნდა გვქონდეს ორჯერ უარყოფითი, რითაც ვადასტურებთ, რომ ამ პაციენტთან კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად ვირუსი ელიმინირებულია, ანუ გამოჯანმრთელებულია ვირუსისგან. გარკვეულწილად ყველაფერი ხდება. ტესტირების შემთხვევაში რა სიტუაციაა, შესაძლებელია, რაღაც ხარვეზი მოხდა ტესტირების დროს. ეს არის ვარაუდი, ამას არ აქვს მტკიცებულება. ჩვენ ვიცით რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად, ვირუსის ელიმინირება გაგრძელდა. ერთი პაციენტი იყო, 58 დღე სჭირდებოდა გამოჯანმრთელებას. იყო პაციენტები, რომელთანაც იყო 42, 38, 32 დღე. ასეთ პაციენტებთან როცა ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებდით, მონიტორინგის დროს, რაღაც გარკვეული სუსტი დადებითი პასუხის შემდეგ მესამე, მეოთხე დღეს ვატარებდით გამოჯანმრთელების ტესტირებას. გარკვეულწილად მაინც რჩებათ ხოლმე ვირუსის რაღაცა მინიმალური რაოდენობა, რის გამოც ჩვენ უარს ვამბობდით მათ გამოჯანმრთელებაზე და კვლავ და კვლავ ვაგრძელებდით. ასეთი ვარიანტიც შეიძლება იყოს, რომ რაღაც პერიოდში მოხდა ერთი ანალიზის დროს რაღაცა ხარვეზი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. რაც მთავარია, კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს რომ ამ ვირუსს არა აქვს ინფექციურობის უნარი. როცა ინფექციურობის უნარი არ აქვს, მას არ შეუძლია ადამიანების დასნებოვნება. ანუ, კონტაქტის დროს ის არ გახდება წყარო ახალი პაციენტის დასნებოვნების, მაგრამ ამას შესწავლა სჭირდება გარკვეულწილად და პაციენტთან, რომელთანაც იქნება კვლავ განმეორებით კარანტინის დასრულების შემდეგ დადებითი ვირუსოლოგია, ეს პაციენტები ალბათ მეთვალყურეობას გააგრძელებენ, რომ თუნდაც ამ თვალსაზრისით იყვნენ გარკვეულწილად იზოლირებული, მაგრამ ეს უკვე დადასტურებულია. ასეთი ხანგრძლივობის პერიოდში როდესაც უკვე არის გამოჯანმრთელება, უარყოფითი ტესტი, შემდეგ კვლავ ისევ სუსტი დადებითი, უარყოფითი, ასეთ შემთხვევაში ინფექციურობის უნარი არ გააჩნია ვირუსს და პაციენტი ამ დროს გადამდები არ არის. ამიტომ ამ შემთხვევაში წყნარად შეგვიძლია ვიყოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.