შუახევის კომპლექსური ექსპედიცია, ქორეოგრაფია – ვიდეოჩანაწერი
20 მაისს, 20 საათზე, ფოლკლორის ცენტრი შუახევის კომპლექსური ექსპედიციის ვიდეოჩანაწერს წარმოადგენს. ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ეს არის აჭარაში, შუახევში, 2016 წლის კომპლექსური ექსპედიციის ვიდეოჩანაწერი ქორეოგრაფიის მიმართულებით.
კომპლექსური ექსპედიცია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა.
ვიდეოჩანაწერში ასახულია შუახევის სხვადასხვა ხეობაში გადაღებული ხორუმები და განდაგანები.
ფოლკლორის ოთხი სხვადასხვა დარგის (მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) მომცველი მსგავსი პროექტი აჭარაში მანამდე არ განხორციელებულა.
ფიქსირებული მასალა სრული სახით ინახება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის არქივებში.
კომპლექსური ექსპედიციის პროექტი სამიეტაპისაგან შედგებოდა:
I ეტაპი – ხალხური მუსიკისა და ქორეოგრაფიის სპეციალისტების (ხელმძღვანელი ნატალია ზუმბაძე) ექსპედიცია;
II ეტაპი – შუახევს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალეჰო და ფოტოხელოვანი კარმენ ბალვე ესტუმრნენ;
III ეტაპი – ზეპირსიტყვიერების და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტთა ექსპედიცია (ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე).
მოძიებული მასალების საფუძველზე, 2018 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა წიგნი – „ექსპედიციები აჭარაში | შუახევი – 2016“.
მასში თავმოყრილია ფოლკლორის სხვადასხვა დარგში – მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – მოძიებულ-ჩაწერილი მასალა და მისი შესწავლის შედეგები
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან პროექტში მონაწილეობდნენ:
მეცნიერი მუშაკი, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნატალია ზუმბაძე (ექსპედიციის ხელმძღვანელი);
არქივის კოორდინატორი, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თეონა რუხაძე;
ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი უჩა დვალიშვილი.
აჭარის მხრიდან ექსპედიციაში ჩართულები იყვნენ: შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგიის მაგისტრი ლოლიტა სურმანიძე;
დოკუმენტალისტი გივი ნახუცრიშვილი;
შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ბერიძე;
არქივის სპეციალისტი რევაზ ფევაძე.