იტალიაში კაფეებსა და სილამაზის სალონებში მომსახურების ფასები გაიზარდა
იტალიის მომხმარებელთა უფლებების ასოციაცია Codacons-ში განაცხადეს, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ კაფეებსა და სილამაზის სალონებში მომსახურება გაძვირდა.
ასოციაციის ინფორმაციით, ზოგიერთი ბიზნესმენი მომხმარებლისგან მომსახურებისთვის 50%-იან ნამატს ითხოვს.
Codacons-ში ამბობენ, რომ მომხმარებლებისგან ათობით საჩივარი მიიღეს მას შემდეგ, რაც 18 მაისს მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნა.
ზოგიერთი კლიენტი აცხადებს, რომ მილანის ცენტრში ყავა “ესპერესო” 2 ევრო გახდა, რაც თითქმის 54%-ით მეტია, ვიდრე ორი თვის წინ იყო.
რომში, სადაც ყავის საშუალო ფასი 1,10 ევროა, ახლა 1,50 ევრო გახდა; ფლორენციაში 1,40 ევროს ნაცვლად 1,70 გახდა.
Codacons-ის მონაცემით, ასევე, გაძვირდა საპარიკმახეროებში მომსახურება თითქმის მეოთხედით.
“იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია და ბიზნესმენებმა მასობრივად არ გადაწყვიტეს ფასთა პოლიტიკის გადახედვა, რომ აანაზღაურონ ზარალი და სისუფთავეზე დამატებითი ხარჯები”, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, კარლო რიენზიმ.
იტალიის მთავრობამ კარანტინის დროს საწარმოების მფლობელებს რიგი შეღავათი შესთავაზა, როგორებიც არის ქირისა და ზოგიერთი გადასახადის გადავადება, თუმცა ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ ეს შეღავათი საკმარისი არ არის, რათა მათ მუშაობა თუნდაც ზარალის გარეშე გააგრძელონ.