სოფო კილაძე: მთელი მმართველობის განმავლობაში, „ნაცმოძრაობა“ მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა

“მთელი მმართველობის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა და უფლებებს უზღუდავდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ბატონო რომან, მე თქვენზე პირადად არ ვიტყვი, ეს თუ დაგამშვიდებთ, თქვენს პოლიტიკურ ძალაზე გავაკეთებ აქცენტს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მარტო გამოგიშვეს აქ თქვენ და ეგეც ბევრ რამეზე მეტყველებს. მე არ მიკვირს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ითხოვს საგანგებო მდგომარეობას. სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ამ საგანგებო მდგომარეობას ახასიათებდა ადამიანის უფლებების არნახული შეზღუდვა, რომელიც, მათ შორის, მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ხელყოფდა. ადამიანის სიცოცხლის უფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი იყო მათი მმართველობის პერიოდში. ბატონო რომან და ყველას მივმართავ თქვენი პოლიტიკური ძალიდან, გვაცალეთ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა“, – განაცხადა კილაძემ.

სოფო კილაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს.

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ვითხოვთ. ვერ გაიგეთ, რა ვილაპარაკეთ 5 წუთის განმავლობაში? საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, ნუ დემაგოგობთ”, – მიმართა რომან გოცირიძემ სოფო კილაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები