მთავრობა სოფლისა და ფერმერების მხარდაჭერას ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს – პრემიერი კახეთში ანტიკრიზისულ გეგმაზე ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის(ფოტოკოლაჟი)

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა.

​ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ყვარელში ხილის გადამამუშავებელი საწარმო Georgia’s Natural-ის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს ესაუბრა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო, რომელიც ორგანულ პროდუქციას ამუშავებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსქ და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად საწარმოო პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამები, პირდაპირი დახმარების გარდა, აგრარულ სექტორს საშუალებას აძლევს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წვდომა ჰქონდეს ფინანსურ რესურსზე, რაც მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებაში დაეხმარება.

გიორგი გახარიას თქმით, ყვარელში მოქმედი ხილის გადამამუშავებელი საწარმო კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამების გამოყენება მაღალი სტანდარტისა და ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის, რაც კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საწარმო Georgia’s Natural-ში, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების შედეგად წვენებს, სოუსებს, კონსერვებსა და გაყინულ ხილს აწარმოებს, 40 ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული ინვესტიციის სრული მოცულობა 2 582 265 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები