მოქალაქეთა ტემპერატურის კონტროლი ვიდეოსკრინინგით, დეზინფექცია 2 საათში ერთხელ, ვენტილაციის კონტროლი – რა წესები უნდა დაიცვან სავაჭრო მოლებმა

ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც სავაჭრო მოლებს მოუწევთ, უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა მაია მიქაიამ განაცხადა.

როგორც მიქაიამ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მოქალაქეების ტემპერატურის კონტროლისთვის მოლებში ვიდეოსკრინინგის სისტემას გამოიყენებენ. მისი თქმით, ტემპერატურის კონტროლი მოლების შესასვლელშივე მოხდება.

„ამ სექტორის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. განსაზღვრულია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც სავაჭრო მოლებს უკავშირდება. აღნიშნული დოკუმენტი უკვე შემუშავებულია და უახლოეს დღეებში მიღებული იქნება.

რაც შეეხება ძირითად მოთხოვნებს: როგორც მოგეხენებათ, მოლები გარკვეული რისკის მატარებლები არიან, იმიტომ, რომ ადამიანების თავშეყრის ადგილებს წარმოადგენენ. პირველი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არის ის, რომ შემოღებული იქნას თერმოსკრინინგის კამერა, რათა მაქსიმალურად, მოხდეს ადამიანების ტემპერატურის კონტროლი. ამისთვის გამოყენებული იქნება ვიდეოსკრინინგი , რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ როგორც დასაქმებულების, ასევე მოლში შესული მესამე პირების თერმოსკრინინგი აწარმოოს ობიექტმა. თუ დაფიქსირდება გარკვეული ტემპერატურა, შემდეგ უკვე მოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. ასევე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა სავენტილაციო სისტემასთან და ვენტილაციასთან დაკავშირებით, რათა იყოს ჰაერის გაზრიდილი ნაკადების შედინება. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ხშირად შეხებად საგნებზე, როგორიცაა ესკალატორის სახელურები, ლიფტის სახელურები, დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ყოველ 2 საათში ერთხელ, დალაგება სველი წესით უნდა მოხდეს. იცით, რომ არის ვალდებულება დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით. მოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, რომ შენობაში მესამე პირი ნიღბის გარეშე არ შეუშვას . რაც შეეხებათ მოლებში დასაქმებულებს, ისინი ვალდებულები არიან ინდივიდუალური დაცვის შესაბამისი საშუალებები ჰქონდეთ“- განაცხადა მაია მიქაიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები