მაქსიმუმ 6 ადამიანი მაგიდასთან, ერთჯერადი მენიუ, მომხმარებლების თერმოსკრინინგი – რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს
საქართველოში ღია ტიპის რესტორნების გახსნა ივნისიდან იგეგმება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ობიექტებს ახალი რეგულაციებით მუშაობა მოუწევთ.
კვების დაწესებულებებისთვის სპეციალური წესები „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ“ გამოაქვეყნა. მათი ცნობით, გაიდლაინი შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ დანართი N 23-დან ამონარიდ მთავარ საკითხებს წარმოადგენს.
გაიდლაინის მიხედვით:
• მაგიდების დაჯავშნა წინასწარ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
• უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაქმებულთა და მომხმარბელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი
• უპირატესობა უნაღდო ანგარიშსწორებას უნდა მიენიჭოს
• მაგიდებს შორის 2-მეტრიანი , ხოლო მომხმარებლებს შორის 1 -მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული
• მაგიდასთან არა უმეტეს 6 მომხმარებელი უნდა მოთავსდეს, გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან მოთავსება.
• სტუმრებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ, ელექტრონული მენიუს შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები უნდა იყოს განთავსებული.
მედიაჰოლდინგი „კვირა“ ახალ წესებთან დაკავშირებით „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელს კოტე გაბრიჩიძეს ესაუბრა.
„მთავარი თემაა ის, რომ ეპიდემიოლოგები ცდილობენ, მაქსიმალურად შეამცირონ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. დისტანციის დაცვა, პირბადეები , ხელის დაბანა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. არის გარკვეული მომენტები, რომელიც საკმაოდ რთული მომენტებია. ვთქვათ, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა ნიშნავს, რომ მაგიდების რაღაც რაოდენობა აღარ იქნება კაფეებში და ეს შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. ყველა შემომსვლელ სტუმარს სიცხე უნდა გაუზომონ, ესეც რთულად წარმოგვიდგენია, მაგრამ გავაკეთებთ. სამზარეულოებში პირბადეებით უნდა იმუშაონ. მაგიდასთან 6 ადამიანი უნდა მოთავსდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება შემოსავლებზე.
გაიდლაინი ჩვენი ასოციაციის წევრებს გავაცანით. წესით ეს საბოლოო ვერსია, თუ კიდევ მცირე ცვლილებები არ შევიდა“ – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
გაბრიჩიძე მომსახურებაზე ფასების ზრდას არ ვარაუდობს.
„არ მგონია, ვინმემ შეძლოს ფასის გაძვირება. რეალურად ხარჯები იგივე დარჩება ,შემოსავალი კი ნაკლები იქნება, მაგრამ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მომხმარებელი საკმაოდ გაღარიბებულია, უცხოელი ტურისტი, ჯერჯერობით, პრაქტიკულად, აღარ არის, ფასის გაძვირება ამ პირობებში ნაკლებად სავარაუდო იქნება. ყავას, რომელიც 3 ლარი ღირდა, 6 ლარად ვერ გაყიდი“- აცხადებს კოტე გაბრიჩიძე „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე