მოსახლეობის 60%-ის აზრით, საქართველოს პროკურატურა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება
„ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნითი ღონისძიებაზე, პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა“, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობების მნიშვნელობაზე, რომელიც 2018 წლიდან პროექტის დასრულებამდე IDFI-სა და საქართველოს პროკურატურის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა.
„პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაციის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ საქართველოს პროკურატურა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნებს ემსახურება.
რაც შეეხება კითხვას: ენდობით თუ არა საქართველოს პროკურატურას? ჯამურად, რესპონდენტთა 63% პასუხობს, რომ ენდობა (20% სრულად ენდობა და 43% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა). აღნიშნულის პარალელურად, 25%-ია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც არ ენდობა სისტემას (9% სრულად არ ენდობა და 16% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა);
ასევე, მოსახლეობის 67% ფიქრობს, რომ საქართველოში პროკურორები პროფესიონალები არიან, ხოლო საპირისპირო მოსაზრება აქვს რესპონდენტთა 15%-ს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც უწყება განმარტავს, კვლევამ საკმაოდ პოზიტიური შედეგები აჩვენა პროკურატურის საქმიანობისა და კომპეტენციის მიმართ.
„გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევამ აჩვენა საკმაოდ პოზიტიური შედეგები პროკურატურის საქმიანობისა და კომპეტენციის მიმართ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონესთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული გამოწვევები პროკურატურის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილმა კვლევამ მოიცვა ქვეყნის სრულწლოვანი, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის გარდა. მთლიანობაში გამოიკითხა 1,017 ადამიანი სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით. ცდომილების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 2.1%-ს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.