ირაკლი კობახიძე: გვესმის, რომ ამ 2 კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა

ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2 კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა:

„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები