გიორგი გაჩეჩილაძე: „ნაცმოძრაობა” არ არის დაინტერესებული საკონსტიტუციო ცვლილებით
„ნაციონალური მოძრაობა” არ არის დაინტერესებული საკონსტიტუციო ცვლილებით”, – აღნიშნულის შესახებ ტვ „პირველის” ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვერავინ დაიჯერებს საქართველოში, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დაინტერესებულია ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებით.
„ვფიქრობ, რომ სიტუაცია ხელოვნურადაა შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის”, მისი გარემოცვისა თუ კლასტერის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ცდილობდა, ნაკლები პოლიტიკური პარტია ყოფილიყო საქართველოში. მათ თავის დროზე 7% გახადეს საარჩევნო ბარიერი, რითაც მოკლეს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა” არ არის დაინტერესებული ამ საკონსტიტუციო ცვლილებით. მას უნდა, რომ იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი. სააკაშვილსა და მის გარშემო მყოფ პარტიებს სურთ, რომ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი წაართვან. ეს არის რეალობა და მის გვერდში მდგომმა პარტიებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. ეს არის დადგმული სპექტაკლი იმისთვის, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღონ ამ კენჭისყრაში. იქნებ როგორმე ჩავარდეს კენჭისყრა, რომ საერთაშორისო დონეზეც ხმაური ატყდეს. ეს არის მათი ტაქტიკა”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.