რამდენად უსაფრთხო იქნება ტურიზმის გახსნა – როგორ შეამოწმებენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს
საქართველო 15 ივნისიდან შიდა, პირველი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურიზმისთვის იხსნება.
ქვეყანაში მზადდება რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შემოწმდნენ ტურისტები, რათა ქვეყანაში კოვიდინფექცია არ შემოიტანონ.
“ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევისწავლეთ ძალიან ბევრი ქვეყნის მიდგომა და დაავადებათა კონტროლის ჯგუფი მუშაობს რეკომენდაციებზე. სხვადასხვანაირი მიდგომაა. მე დღეს მზა რეცეპტს ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ ტურისტს, რომელიც შემოვა, ჩვენ ორკვირიან კარანტინში ვერ მოვაქცევთ. უნდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმები და არის ეს შესაძლებელი, რომ ინფექციის შემოტანის რისკი მინიმუმამდე დავიდეს” , – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ტურისტებთან მიმართებით მხოლოდ თერმოსკრინინგი საკმარისი არ იქნება. მისი თქმით, თუ ტურისტს საკუთარ ქვეყანაში ტესტირება არ ექნება ჩატარებული, მას საქართველოში ჩამოსვლისას შეამოწმებენ.
„ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვემყარებით საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად ინერგება. მნიშვნელოვანია, ტურისტები იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნაკლებად რისკის შემცველ ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმავდროულად ვიაზრებთ, რომ სხვა ტურისტებიც იქნებიან. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მუდამ მზადაა, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტი მიიღოს. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობები. როდესაც ტურისტი ქვეყანაში შემოვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ თერმოსკრინინგი არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურად სიტუაცია ბევრად უფრო გართულებულია და ვმსჯელობთ, თუ რომელ ლოკაციაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ, პარალელურად, ლაბორატორიული მომსახურება გვქონდეს და, გარკვეული დაყოვნების შემთხვევაში, ტურისტმა ადგილზე მიიღოს ეს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მას ეს საკუთარ ქვეყანაში არ აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სანდო ლაბორატორიების ჩამონათვალი მიაწოდოს და საქართველო აღიარებს იმ ლაბორატორიების მიერ ჩატარებულ ტესტირებას, რომელთა ჩამონათვალსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
„ეს ტესტირება არ უნდა იყოს 72 საათზე მეტი დაყოვნების. ეს არის ეპიდემიის კონტროლის ერთ–ერთი შესაძლებლობა, როდესაც ტურისტი საქართველოში შემოვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგი „კვირა“ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, ტურისტების მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნის ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს.
„საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამის გარეშე ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, თანდათანობით აქეთკენაც უნდა წავიდეთ. მაგრამ აქ ძალიან დიდი ყურადღება უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყნებზე ვლაპარაკობთ. სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, საზღვარზე მკაცრი კონტროლით უნდა აღდგეს, მაგრამ არა – უნივერსალურად ყველა ქვეყნისთვის. მაგალითისთვის, ჩვენ რასაც ვუყურებთ, რუსეთში შემთხვევების სერიოზული აღმავლობაა – ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ამიტომ, თუ იქ სიტუაცია არ ნორმალიზდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ თვეში ნორმალიზდეს, მაგალითად, რუსი ტურისტების შემოყვანა შეიძლება, დროებით შეჩერდეს. მეორე მხრივ, ჩინელი ტურისტები შეიძლება, შემოვიდნენ იმიტომ, რომ იქ ძალიან კარგად არის კონტროლირებადი სიტუაცია. ევროპის ქვეყნებშიც უკეთესობაა, თუმცა ბოლო დღეებში, რაც კარანტინი შეარბილეს, ისევ აღმავლობისკენ წავიდა შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ კიდევ ერთი თვეა წინ და გამოჩნდება.
მოკლედ, ტურისტების მიმოსვლა თანდათან, სხვა ქვეყნებზე ძალიან ყურადღებით დაკვირვებით, მათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უნდა აღდგეს“, – განაცხადა ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსნებეთ, პრემიერის განცხადებით, საქართველო COVID 19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს.
„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი – პირველ ყოვლისა, ეს არის საზღვარი როგორც სახმელეთო, ისე – საჰაერო. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე – ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“, – განმარტა პრემიერმა.
თამუნა შეყილაძე