რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა – მოსალოდნელია თუ არა მომსახურებაზე ფასების ზრდა

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის რეკომენდაციები დამტკიცებულია. შესაბამისი დოკუმენტი დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები მუშაობას 18 მაისიდან განაახლებენ.

მათთვის განკუთვნილი ძირითადი რეკომენდაციები ასეთია: რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილი უნდა იყოს წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებლებს მოცდა არ მოუწიოთ. საერთო სივრცეში ხუთ კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი მომხმარებელი უნდა იყოს დაშვებული. ეს ფართი, ასევე, ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს მოიცავს. თითოეულ სამუშაო უბანს შორის, მინიმუმ, ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც რეცხვა-დეზინფექციას ექვემდებარება.
სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც 20 და მეტი დასაქმებული ჰყავთ, ობიექტზე შესვლის წინ დასაქმებულებისა და ვიზიტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა განახორციელონ.
შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერები. ანგარიშსწორებისას უპირატესობა ბარათს უნდა მიენიჭოს.
სალონში შესული მომხმარებლისთვის ნიღბის ტარება სავალდებულოა. მათ სალონში შესვლისთანავე ხელის ჰიგიენა უნდა ჩაიტარონ.
იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან ფეხის პროცედურას, მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდური დაცვის საშუალება უნდა მოიხსნას (მაგალითად, სახის პროცედურის დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს მომხმარებლებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, მომსახურების გამწევი პირი კი აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის ინდივიდური საშუალებებით.
რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება, ასევე, ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება. მან დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით უნდა უზრუნველყოს.
სამუშაო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციასთან ერთად, დამსაქმებელმა, ასევე, სამუშაო სივრცისა და სათავსების ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია უნდა უზრუნველყოს.
მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში, დასაქმებული დაცვის სხვა, ინდივიდურ საშუალებებთან ერთად დამცავი ფარით უნდა აღიჭურვოს.
ყოველი სამუშაო დღის შემდგომ სამუშაო სივრცე სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, სველი წესით უნდა დალაგდეს.
დასაქმებულები ვალდებულები არიან, იზრუნონ ხელების ადეკვატურ ჰიგიენაზე, გამოიყენონ დაცვის ინდივიდური საშუალებები. თავი შეიკავონ თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებისგან, მუშაობის პერიოდში კი თმა მჭიდროდ შეიკრან, რათა თმების სახის ზედაპირთან შეხება მაქსიმალურად შეიზღუდოს.

ამ სიახლესა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგი „კვირა“ „სილამაზის სალონების ფედერაციის“ პრეზიდენტს, თამარ შარაშენიძეს ესაუბრა.

„ახალი რეგულაციები ფედერაციის სამუშაო ჯგუფთან შეიქმნა, ბუნებრივია, გათვალისწინებულია ბიზნესის ინტერესები. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულები იყვნენ ობიექტების, სალონური ბიზნესების წარმომადგნელები. შესაბამისად, ბიზნესომუდსმენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ არაფერი გვეთქმის, მადლობის გარდა. მათ მაქსიმალურად გაითვალისწინეს ის ნიუანსები, რაც ჩვენს ბიზნესს ახლავს. ის მინიმალური თავდაცვის საშუალებები ნამდვილად უნდა დავარეგულიროთ და დავიცვათ.
ყველა სალონი შეძლებს, დაიცვას რეკომენდაციები, იმდენად გაწერილია და ყველაზე მორგებულია, იქნება ეს დიდი, პატარა, რეგიონის, ცენტრის, თუ გარეუბნების სალონები“, – განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

კითხვაზე – მოსალოდნელია თუ არა მომსახურების ფასების ზრდა, შარაშენიძე ამბობს, რომ ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი,  მომწოდებლების მიერ პროდუქციის შესაძლო გაძვირებაა.

„ეს თითოეული ობიექტის გადასაწყვეტია. გარკვეულ სალონებთან რომ მქონდა საუბარი, ვარაუდობენ ფასების 10-დან 20 %-მდე ზრდას“, – განაცხადა შარაშენიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები