ჯანმო ევროპას კორონავირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს

“შემოდგომას ევროპაში შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ტალღა წარმოიშვას”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ხანს კლიუგემ Daily Telegraph-თან საუბარში.

მან ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა მომზადებისკენ და არა  – ზეიმისკენ, რომ, თითქოს, ყველაფერი დასრულდა.

კლიუგე მიიჩნევს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა, იჩქარა შეზღუდვების მოხსნა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შემოდგომას სეზონური გრიპისა და წითელას ტალღაც არის მოსალოდნელი.

ჯანმო-ს ექსპერტებს მაგალითის სახით “ესპანკა” მოჰყავთ, რომელიც 1918-1920 წლებში მძვინვარებდა. მათი თქმით, როდესაც გრიპი პირველად 1918 წელს გაჩნდა, ის ნაკლებად საშიში იყო, თუმცა შემდგომ დაბრუნდა და 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

15 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსი 4 433 793 ადამიანს აქვს დადასტურებული; დაავადებას 302 462 პირი ემსხვერპლა; 1 588 365 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები