ლიეტუვამ საქართველოს სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი გამოუყო

13 მაისს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა ლიეტუვის მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საქართველოსთვის გამოყოფილი სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული დახმარების ლიეტუვიდან საქართველოში გაგზავნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, 14 მაისს საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება ლიეტუვის საჰაერო ძალების თვითმფრინავით განხორციელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შიაულიაის აეროპორტში გამართულ ცერემონიაში საქართველოს ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ატაშემ პოლკოვნიკმა – ზვიად შანავამ, აგრეთვე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, მოლდოვისა და სომხეთის ელჩებმა.

„აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. საელჩო მადლობას უხდის ლუეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროსა და მთლიანად ლიეტუვის მთავრობას გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომისათვის“, – აცხადებენ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები