აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში მცხოვრები პენსიონერი ცოლ-ქმარი – მერი და იმედა ბოხუები, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობით აქტიურად არის დაკავებული. საგაზაფხულო სამუშაოების ნაწილი მოილიეს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთში სიმინდი უკვე დათესეს, ბოსტანში მარწყვის მოსავალსაც მალე მიიღებენ.
„ყოველ დღეს მიწასთან ვფუსფუსებთ, ბოსტანი, ყანა, თხილის პლანტაცია გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ამ საქმიანობამ გადაგვატანინა ეს რთული პერიოდი, ქალაქელები კი მეცოდებიან, რა უნდა ქნას ადამიანმა ოთხ კედელს შორის?! – ვერ მოიცლი აქ მოსასვენებლად და ვართ ასე, შრომაში“, – ამბობს იმედა.
სოფლის ცხოვრების პარალელურად, ცოლ-ქმარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. იმედა ბოხუა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და ხელისუფლების მოქმედებებს დადებითად აფასებს. ამბობს, რომ მთავრობისა და სამედიცინო სფეროს მუშაკების ღვაწლის არდაფასება, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უსამართლობაა.
კითხვაზე – კორონამდეც ასე აქტიურად ცხოვრობდნენ თუ არა, ცოლ-ქმრის პასუხი ერთია – რა თქმა უნდა, სოფელს შრომა უყვარსო. თუმცა ბოხუები არ მალავენ, რომ პანდემიის პერიოდში უფრო მეტად მიაქციეს სოფლის მეურნეობას ყურადღება. იმედა “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ აუცილებელია, თითოეული მოქალაქე, თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხარში ამოუდგეს სახელმწიფოს, რადგან ეკონომიკურად დიდი ზარალი არ ნახოს ქვეყანამ.
“რომ იტყვიან, “სატანაო”, ეს ავადმყოფობა ისე შემოვიდა. ჩვენი მთავრობის ისეთი მადლობელი ვარ, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ძალიან კარგი პროექტები განახორციელეს. ამას რომ არ შეაფასებს, შვილო, ადამიანი, მაპატიეთ და ღორია იმიტომ, რომ ღორს აქვს ასეთი ჩვევა – როცა ჭამს საჭმელს, რაც არ უნდა კარგი იყოს, წააქცევს იმას და ეს “ნაციონალებს” სჭირთ. ამდენ სიკეთეს ვერ ხედავენ, თვალებში დაბნელებული აქვთ თუ რა სჭირთ. გადაეკიდნენ ამ ივანიშვილს და ტელევიზიაში სულ მასზე ლაპარაკობენ. ივანიშვილმა რომ გააკეთა სახელმწიფოსა და ხალხისთვის, მე არ მგონია, სხვას ვინმეს გაეკეთებინა ასეთი ქველმოქმედება”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” იმედა ბოხუა.
იმედას მეუღლე, მერი ისტორიის პედაგოგია 45 წლის განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდა. როგორც თავად ამბობს, უსაქმოდ ყოფნა სოფელში არ გამოვა, ამიტომ სამეურნეო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. მეუღლის მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დროული და სწორი რეაგირება მოახდინა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. რეკომენდებულ, 2-მეტრიან დისტანციას კი, შეძლებისდაგვარად, ყველგან იცავენ.
„როგორც კი გამოაცხადა მთავრობამ – „დაიცავით დისტანცია, არ გახვიდეთ გარეთო“, ნამდვილად არ გავსულვართ არსად. ჩვენ 70 წელს გადაცილებულები ვართ და რისკჯგუფს მივეკუთვნებით. ნამდვილად სამადლობელი საქმეა, რომ ამ ასაკის ხალხის დაცვას ახერხებენ“, – ამბობს მერი.