კახა კალაძე: არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, რომელთაც არ უხარიათ ქალაქის განვითარება და ქვეყნის წარმატება

“გამზირის რეაბილიტაცია ძალიან მალე მთლიანად იქნება დამთავრებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს, ნამდვილად მეამაყება და მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით მისი განხორციელება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ვიდეოჩართვაში განაცხადა.

კალაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ არ დაუჯერონ იმ ადამიანებს, ვისაც ქალაქის განვითარება და ქვეყნის წარმატება არ უხარია.

„გამზირის რეაბილიტაცია ძალიან მალე მთლიანად იქნება დამთავრებული. შეიძლება ითქვას, ეს ისტორიული პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამზირზე რაც კი გაკეთდა, მას შემდეგ არ შეცვლილა. იყო კონკრეტულ ლოკაციებზე შეკეთების სამუშაოები, მაგრამ ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. ნამდვილად მეამაყება და მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით მისი განხორციელება. მოსახლეობას მინდა, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან მარტივი არ არის ხმაურში, მტვერში ცხოვრება, მაგრამ ადამიანები კარგად ხედავენ, რა მასშტაბის სამუშაოები ტარდებოდა ამ ხნის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, ყველგან ერთნაირი მიდგომა გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე იქნება თუ გარეუბანში. ვცდილობთ, ძირეულად იყოს წარმოებული სამუშაოები, რაც შესაცვლელია, ყველაფრის განახლებით, რომ გაკეთების შემდეგ 2-3 კვირაში არ მოგვიწიოს კონკრეტულ ლოკაციაზე მიბრუნება. არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია, ქალაქის განვითარება, წინსვლა, ქვეყნის წარმატება. მიუხედავად მათი სიცრუისა, არ მივცემთ შესაძლებლობას ადამიანებს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და ასე ვაპირებთ გაგრძელებას მომავალში, რომ, პირველ ყოვლისა, თქვენ იცოდეთ, ქალაქში რა პროექტები ხორციელდება, რომელ პროექტს რა პრობლემა აქვს და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები