ირაკლი ქადაგიშვილმა დედოფლისწყაროში საწარმო “ნაციონალური დელიკატესები” მოინახულა

ქალაქ დედოფლისწყაროში საწარმო “ნაციონალური დელიკატესები” კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შიოლაშვილმა დაათვალიერეს.

“ნაციონალური დელიკატესები” სამი წელია, დაარსდა და აღსანიშნავია, რომ მისი ნაწარმით საქართველოს თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მარაგდება.

აქ იწარმოება  კვების ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ღორის მწვადი, ლობიო, და სხვ. საწარმოში დასაქმებულია 35 პირი და საკვები პროდუქტები ნატურალური ინგრედიენტებისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე მზადდება.

სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ისეთი ტიპის საწარმოს, როგორიც “ნაციონალური დელიკატესებია“,  ექსპორტზე გასვლის საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს.

“საწარმოში პროდუქტი დაფასოებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ეს პროდუქცია იყიდება არა მარტო საცალო ბაზარში, არამედ სარგებლობენ საქართველოს თავდაცვის ძალები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ანუ აქ ჩვენ გვაქვს წარმოება, რომელიც ამარაგებს ისეთ სტრუქტურებს, როგორებიცაა ჯარი, სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც სწრაფი კვების პროდუქციით, საველე პირობებში ძალიან სწრაფად, ხარისხიან და ჯანსაღ საკვებს იღებენ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საწარმოს პერსონალი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობს. სამუშაო სივრცეში თითოეული მათგანი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით: ხელთათმანებით, პირბადეებითა და ფარებით. მუშაობის პროცესში იცავენ დისტანციას და მუდმივად ხდება სამუშაო ინვენტარის დეზინფექცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები