შალამბერიძე სოფლის მეურნეობის პროგრამებზე: დიდი სტიმული იქნება ფერმერებისთვის

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, დღეს გაცხადებული შეღავათები დიდი სტიმული იქნება როგორც ფერმერებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში.

“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, ვისაც ეს დახმარება შეეხება და, ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ არ ეხებათ, რადგან უნდა იყვნენ ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირებული, უნდა იყოს მიწა დარეგისტრირებული და თუ არ აქვთ “ლიბერთი ბანკის” ბარათი, შეუძლიათ, ერთი თვის განმავლობაში მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერები ყველა ჰექტარზე მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას, შეღავათიანად დიზელის საწვავს.

თქვენ იცით, რომ ჩვენ იმერეთში, განსაკუთრებით კი წყალტუბოში, გვაქვს ძალიან ბევრი სასათბურე მეურნეობა, ასევე, ჩვენი ფერმერები, რომლებსაც უნდათ თავიანთი საქმიანობის გაფართოება, როგორც გაცხადდა, მიიღებენ 50%-იან სუბსიდირებას სასათბურე მეურნეობის მშენებლობაში, ტექნიკის შეძენაში, სარწყავი არხის მოწყობაში და სხვა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე ჩართულია ფერმერულ მეურნეობაში და მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის, რომ წლის ბოლომდე მიუბრუნდეს და ეს შეღავათები შეეხოს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, წელს, დაახლოებით, 30%-ით მეტი მიწა დამუშავდა იმერეთის რეგიონში, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლების განმავლობაში და დღეს გაცხადებული დახმარებები უფრო მეტს ბიძგს მისცემს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო მეტი მიწა დამუშავდეს და კიდევ უფრო მეტი მოსავალი მოვიდეს.

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც დარჩა მიწის რეგისტრაციის გარეშე, აუცილებლად დაირეგისტრიროს და ამისთვის გამარტივდა კიდეც ეს პროცესი და დღეს გაცხადებული შეღავათები იქნება კიდევ დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა წლის ბოლომდე მიწა დაირეგისტრიროს და დარწმუნებული ვარ, 100%-ით იქნება წლის ბოლოსთვის მიწები დარეგისტირებული იმიტომ, რომ მიიღონ ეს შეღავათები”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს. როგორც პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2020 წელს 42 000 ფერმერი გათავისუფლდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ასევე, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, მათ სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები