ბაკურიანის საკარანტინე ზონაში 250-მდე მოქალაქე რჩება
ბაკურიანის საკარანტინე ზონაში, ამ დროისთვის, სავალდებულო კარანტინს 250-მდე მოქალაქე გადის. საკარანტინე სივრცეები 5 მაღალი დონის სასტუმროშია მოწყობილი. მოქალაქეები სასტუმროებში ოთახების სრული კომფორტითა და მაღალი სერვისით სარგებლობენ. მათ პერსონალი 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ემსახურება.
საკარანტინე პერიოდის დასრულების შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირებას, მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერი ქალაქში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. ამისთვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 12 ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები გამოყო.
ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური 2 დღეში ერთხელ საკარანტინე ზონების გარე სივრცეების სრულ დეზინფექციას ახორციელებს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, ასევე, საკარანტინე ზონების პერსინალის მომარაგებას შესაბამისი ეკიპირებით.
ჯამურად, ბაკურიანის საკარანტინე სივრცეები 1200-მა მოქალაქემ დატოვა.